რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, შეიწყალოს არუთინიანი, რომელმაც ბუშს ხელყუმბარა ესროლა!

     საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

ბატონო გიორგი!

2 თვის შემდეგ თქვენი პრეზიდენტობის ვადა იწურება. რით დაამახსოვრდებით ქართველ ხალხს?

გამოსვლებით? არა, დაგენაძლევებით, რომ საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ გაიხსენებს თქვენი გამოსვლების ვერცერთ თემას, მითუმეტეს - ციტატებს ამ გამოსვლებიდან! პირადად მე მთელი ამ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფრაზა დამამახსოვრდა - თქვენი ინტერვიუდან „რუსთავი 2“-ის სტუდიაში, როდესაც 2017 წლის თებერვალში ტელეკომპანიაში მისი მხარდაჭერის მიზნით მიხვედით: „კრიტიკული მედია კრიტიკულად აუცილებელია!“, - განაცხადეთ თქვენ და ეს ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან მართლაც ღირსეული გზავნილი იყო.

ყველაფერი დანარჩენი, რაც ხალხს დაამახსოვრდა, არ ეკადრება არც პრეზიდენტს, არც პოლიტიკოსს და არც, მომიტევეთ, მამაკაცს:

- თქვენ საკუთარ სიტყვას უღალატეთ და სააკაშვილის ავლაბრის სასახლე არ დატოვეთ;
- თქვენ, ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, გაებუტეთ ბიძინა ივანიშვილს და ასე გამოხატეთ „მადლიერება“ იმისთვის, რომ პრეზიდენტი გაგხადათ;
- თქვენ საკუთარ მეუღლეზე კანონიერად მხოლოდ მაშინ დაქორწინდით, როცა მისი ფეხმძიმობის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე, ქართველი ხალხის სამარცხვინოდ, აღნიშნული იყო „მაკა ჩიჩუა - პრეზიდენტის მეგობარი“;
- თქვენ ვეტოს ადებდით პარლამენტის ყველა კანონპროექტს და იძულებულს ხდიდით, ისინი დაეძლია;
- თქვენ საბოტაჟს უწყობდით კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემქმნელი კომისიის მუშაობას;
- თქვენ, მეტად თუ ნაკლებად, დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებოდით პრემიერ-მინისტრებთან და პარლამენტის თავმჯდომარეებთან, რომ არაფერი ვთქვათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე, რომლის ელექტორატმა პრეზიდენტად აგირჩიათ;
- თქვენ უარს ამბობდით საიდუმლო გრიფის მოხსნაზე დოკუმენტებიდან, რომლებითაც თქვენი წინამორბედის - სააკაშვილის არამიზნობრივი ხარჯები დასტურდებოდა;
- თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები გაფლანგეთ უშედეგო და უმიზნო ვიზიტებზე საზღვარგარეთ და პრემიებზე პრეზიდენტის აპარატისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისადმი არაკეთილმოსურნე განაწყენებული ხალხით დააკომპლექტეთ;
- თქვენ იწყალებდით ნათესავებს და ოჯახის მეგობრებს, ხულიგნებსა და ნარკომანებს, ხოლო ცოტა ხნის წინ სამუდამო პატიმრობამისჯილი მკვლელიც კი შეიწყალეთ;
- თქვენ, ვინც პრეზიდენტობამდე თავს ჟვანიას მეგობრად წარმოადგენდით, რომელმაც მის მიერ შექმნილი უნივერსიტეტის რექტორად დაგნიშნათ, თითი თითზე არ დაგიდიათ მისი მკვლელობის „საიდუმლოს“ გასახსნელად;
- თქვენ, ვინც პრეზიდენტობამდე აცხადებდით, რომ „რუსული ენა ქართული კულტურის ნაწილია“, არაფერი გააკეთეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგებისთვის, მეტიც - გაამწვავეთ ის და შეგეშინდათ, რომ ერთხელ მაინც დაგერეკათ ან ვიზიტით ჩასულიყავით მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში;
- თქვენ გამუდმებით უტეხდით სახელს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, აგრეთვე მმართველ პარტიას, და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდით მათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სადაც ხშირად მართავდით „პარალელურ“ ვიზიტებს - საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციებთან ერთდროულად. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის სიყვარული ვერ მოიპოვეთ;
- თქვენ მიერ ქართველი ხალხისთვის დასმული „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია - გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით“;
- ყველაფერთან ერთად, თქვენ ეწევით!


ბატონო გიორგი!

ამ სიის გაგრძელება, რომელიც მხოლოდ უარყოფითი მხრიდან გახასიათებთ, უჩემოდაც შეგიძლიათ. მაგრამ ვიცი, რომ დადებითი თვისებებიც გაქვთ - გიყვართ ახალგაზრდობა; გიყვართ ცხოველები და თქვენი სოფლის სახლი; შოვინისტი არ ხართ; კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და სიტყვის, მედიისა და ჟურნალისტების აბსოლუტურ თავისუფლებას აღიარებთ, მათი მხრიდან თქვენი მისამართით კრიტიკას ყოველთვის მოთმინებით აღიქვამდით; თქვენ თვითკრიტიკულად უწოდებდით საკუთარ თავს „ნიჩურტა ქართველს“ და „პლასტილინის კაცს“; თქვენ წინდების ქსოვით ხართ გატაცებული და, ალბათ, ამ დადებითი სიის გაგრძელებაც შეიძლება. ამიტომ მოგმართავთ რჩევით - ისტორიაში შედით პრეზიდენტად, რომელმაც თუნდაც ერთი, მაგრამ კეთილშობილური და კეთილი საქციელი ჩაიდინა - შეიწყალეთ ვლადიმერ არუთინიანი, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის იმის გამო, რომ 2005 წლის 10 მაისს ცხვირსახოცში გახვეული გაუმართავი სასწავლო ხელყუმბარა ჰაერში ისროლა!

არუთინიანი საქართველოს კი არა, აშშ-ის მოქალაქე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის შეწყალებული იქნებოდა, იმიტომ რომ აშშ-ის პრეზიდენტები, ჩვეულებრივ, მათზე თავდამსხმელებს იწყალებდნენ
(თუ, რა თქმა უნდა, ცოცხლები გადარჩებოდნენ)! მაგრამ ეს არა აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის, არამედ თქვენი დისკრეციაა, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის! იცოდეთ - საქართველოს ყველა მოქალაქე, მათი პარტიული, ეროვნული, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილების მიუხედავად, თქვენს ნაბიჯს მხურვალედ მოიწონებს!

ვლადიმერ არუთინიანი
უკვე 13 წელია, უდრტვინველად იხდის სასჯელს, საკანში ხატავს და ქაღალდისგან ყველა დროის გმირების ფიგურებს ქმნის. ვფიქრობ, ის სიამოვნებით გაჩუქებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის პორტრეტს, რომელშიც მკაფიოდ არის გამოხატული ზვიად გამსახურდიას ხასიათი!

ვლადიმერ არუთინიანს არავინ ჰყავს, ღრმად მოხუცებული დედის გარდა, რომელიც ხვატსა თუ ყინვაში ბაზართან ქუჩაში ქაღალდის ხელსახოცებს ყიდის, რათა შვილთან შესაგზავნი ამანათის ფული შეაკოწიწოს... მაგრამ ის არ ჩივის, მხოლოდ სასწაულს შესთხოვს უფალს - რომ მისი შვილი ციხიდან გამოვიდეს და დაოჯახდეს!

მაშ, მოახდინეთ ეს სასწაული, ბატონო გიორგი, და ღმერთი, რომლის წინაშეც სანთლით ხელში დუშეთის პატარა ეკლესიაში გულწრფელად ლოცულობთ, სიკეთისთვის ასმაგად მოგიზღავთ!

საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 24 აგვისტო
საქართველო, თბილისი