აქტუალური
ქართული ღვინო საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-2016 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.

სააგენტოს ცნობით, AAWE – „ღვინის ეკონმისტების ამერიკული ასოციაცია - პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილზეა საფრანგეთი (6,59$), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5,39$), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3,68$). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3,51$).

ამასთან, საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ხორვატია (3,41$), არგენტინა (3,11$), პორტუგალია (3,07$), გერმანია (3,06$), იტალია (3,06$) და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე. ამ მდგომარეობის მიღწევას კი წინ უძღოდა ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებული, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.