უცხოეთი
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ რვა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი სასამართლომ რვა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული ბრალდებები ეხება გადასახადებისგან თავის არიდებასა და საბანკო თაღლითობებს.

რაც შეეხება დანარჩენ 10 ბრალდებას, როგორც BBC-ი იუწყება, ვირჯინიის სასამართლომ ეს ბრალდებები არ გაიზიარა.

პოლ მანაფორტის საქმეზე განაჩენს სასამართლო მოგვიანებით გამოაცხადებს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი 2018 წლის 16 ივნისს დააპატიმრეს.

პროფესიით იურისტი პოლ მანაფორტი ვირჯინიის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მანაფორტს ბრალად ედება ფულის გათეთრება, უცხოური ლობირება ფედერალური კანონის დარღვევით. კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრორუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობა და უცხოურ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვა.

ამავდროულად, 8 ივნისს პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა. სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მანაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნესპარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ აღნიშნული საქმის გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.

1tv.ge