პოლიტიკა
ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პიროვნება, რომელიც 1-2 წელიწადში კარდინალურად შეცვლის ვითარებას თბილისს, მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს შორის!

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წელს, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია წერდა:

"თუ დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს! ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არა აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურთა შენახვის ფუფუნება! პრეზიდენტის ფუნქციები უნდა განისაზღვროს ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე, რომელთა გადასაჭრელადაც პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის. პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან, ანუ პრეზიდენტი. თუმცა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წარმოსახვაში ომთან და სისხლთან ასოცირდება. სასურველია, იგი მათთვის პოზიტიური კუთხით იყოს ცნობილი, თუნდაც იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, პრეზიდენტი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას – 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას!".

მკითხველს შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 28 ოქტომბერს გამონაკლისის სახით სახელმწიფოს მეთაურს 6 წლის ვადით აირჩევენ, ამის შემდეგ კი პრეზიდენტს უკვე ხალხი კი არა, პარლამენტი აირჩევს. დღესდღეობით პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26-მა ადამიანმა მიმართა.