სამართალი
ციხის ზედამხედველი თვითონ გახდა პატიმარი

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანის მერვე საპტიმროს რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და პატიმრის ღირსების შეურაცხყოფაში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ლაპარაკია ათი წლის წინანდელ მოვლენებზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის ოქტომბერში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის მამაკაცი დააკავა. რამდენიმე დღეში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

რეჟიმის განყოფილების ყოფილმა უფროსმა და კორპუსის მესამე რეჟიმის ოფიცერმა გადაწყვიტეს დაკავებულის ცემა, რათა მას დანაშაული ეღიარებინა. ციხის თანამშრომლები სისტემატურად სცემდნენ მამაკაცს 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის მარტამდე, სანამ მისი საქმე სასამართლოში განიხილებოდა.

როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ აღიარა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საჭირო აღარ იყო, საპატიმროს თანამშრომლებმა მისი ცემა შეწყვიტეს.

საპატიმროს რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნეს პატიმრის მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონის წყალობით, მისი პატიმრობის ვადა 1/4-ით შემცირდა და 4 წელი და 6 თვე შეადგინა.

რაც შეეხება მეორე პირს - საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორს, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.