უცხოეთი
თურქეთში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ Anadolu რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. თურქული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილები აჰმეთ სელიკტენი და ოსმან გუნდასი არიან. ისინი აშშ-ის დიპლომატიური უწყების შენობას თეთრი ფერის ავტომობილის საშუალებით, 9 მილიმეტრიანი პისტოლეტის გამოყენებით დაესხნენ თავს.

სამართალდამცველებმა დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიების ცნობით, 1979 წელს დაბადებულ აჰმეთ სელიკტენს კრიმინალური წარსული აქვს. ის რამდენჯერმე დაპატიმრებული იყო და ციხიდან გაქცევაც სცადა. 1980 წელს დაბადებულ ოსმან გუნდასი კი წარსულში ქურდობის, ნარკოვაჭრობისა და ადამიანის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელს.

ინციდენტი 20 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 5:30 საათზე მოხდა. თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილით მიმავალმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართულებით ექვსჯერ გაისროლეს. ტყვიები მეტალის კარს და მინას მოხვდა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავდასხმა ქვეყანაში ქაოსის დასადგურების მცდელობა იყო.

ბოლო პერიოდში ოფიციალურ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. მიზეზი თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონია, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის პროვოცირება მოახდინა.

1tv.ge