საზოგადოება
ახმეტის სამ სოფელში ყურძნის მოსავალი სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ახმეტისა და თელავის რამდენიმე სოფელში ამ დროისთვის სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ზარალს დაითვლის. ამის შესახებ პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვლმა განუცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის რადენიმე სოფელში თითქმის სრულად არის განადგურებული ყურძნის მოსავალი. კერძოდ, საუბარია სოფლებზე ქისტაური, ახშანი და მატანი.

ძალიან ძლიერი სტიქია იყო. ძირითადად ყურძნის მოსავალია განადგურებული. ქალაქში მნიშვნელოვანი ზიანი არ არის, მაგრამ არის ჩამოტეხილი ხეები და ამოსაქაჩია წყალი. ახლა ადგილზე ვადგენთ, კონკრეტულად რა ვითარებაა. შემდგომი ნაბიჯები მას შემდეგ გადაიდგმება, რაც დაზუსტებულ ინფორმაციას მივიღებთ ზარალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის თქმით, სტიქიას თავად მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა ძლიერი სეტყვამ რამდენიმე სახლის პირველი სართული დააზიანა.

რაც შეეხება თელავში არსებულ ვითარებას, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა უკვე დაწყებულია. თელავში გზის გასაწმენდად დილიდან მობილიზებულია ტექნიკა.

როგორც პირველ არხს თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საღამომდე დასრულდება.

გზების გარდა, პრობლემა შეექმნა რამდენიმე ხიდსაც, საქმის კურსშია ცენტრალური ხელისუფლება და ყველაფერს მიექცევა ყურადღება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.

სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარალებულებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეძლონ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრას დაესწრო და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ოპერატიულად, რომ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება უპრობლემოდ მოხდეს. შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპანებთან, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ და ამ მხრივ ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. ხვალიდან ყურძნის კრეფას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რათა გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პრობლემას ჰქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან. რაც უფრო მეტი იქნება აგროდაზღვევის დაფარვის მასშტაბი, ფერმერებისათვის მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები, თუმცა დღეს სახელმწიფო უკვე ახდენს 50%-იან თანადაფინანსებას სადაზღვე სისტემაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობა შეხვდა.