აქტუალური
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც, ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

სატყეო სააგენტოს ცნობით, ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა- შეადგენს. აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დაირგვება 400 000-მდე ნერგი. სამუშაოებზე კი, წინა წლების მსგავსად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.