უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი თუ ერთი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყდება, პრემიერის სახელი მუჰამედი იქნება

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის შემთხვევაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი სახელად, მუჰამედი იქნება – გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იორდანიის მეფესთან შეხვედრის დროს იხუმრა.

გამოცემის ინფორმაციით, 25 ივნისს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე იორდანიის მეფე აბდულა II-მ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ პალესტინელი ახალგაზრდების უმრავლესობას, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა აღარ სურს და ებრაელებთან ერთად, ერთ სახელმწიფოში თანაბარი უფლებებით ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას.

„ამის შედეგი იქნება, რომ ისრაელი ებრაულ ხასიათს დაკარგავს“, – აღნიშნა იორდანიის მეფემ.

Axios-ის ინფორმაციით, იორდანიის მონარქს აშშ-ის პრეზიდენტმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ისრაელის პრემიერ-მინისტრის სახელი მუჰამედი იქნება. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ რეგიონში მშვიდობის მიღწევა სურს, მაგრამ თუ მისი ადმინისტრაცია ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, ამას აშშ-ის სხვა ვერცერთი ადმინისტრაცია ვეღარ მოახერხებს.

1tv.ge