უცხოეთი
სოფელ მლეთასთან ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების კოლონა დგას.

როგორც მძღოლების ნაწილი ამბობს, მათთვის უცნობია, როდის შეძლებენ რუსეთში ტვირთის ჩატანას. მათი თქმით, მძღოლების ნაწილს სატვირთო ავტომობილებით მალფუჭებადი პროდუქტი გააქვთ, ამიტომ საცობში დიდი ხნით დგომამ, შესაძლოა, ტვირთის გაფუჭება გამოიწვიოს, რაც კომპანიას დააზარალებს.

შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულ მხარეს მათ გატარებასთან დაკავშირებით ლიმიტი აქვს დაწესებული.

უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარებას ენიჭება, ხოლო თუკი დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 400 ტრაილერი მაინც არ გავიდა, ეს რიგის წარმოქმნას იწვევს.

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ამ წუთებში თავის რიგს დაახლოებით 700-მდე სატვირთო ავტომანქანა ელოდება.

„თუმცა, ახლა შეიძლება ცოტა უფრო დამაიმედებელი პროგნოზი გაკეთდეს იმის გამო, რომ მთელი ღამის განმავლობაში საბაჟო შეუჩერებლად მუშაობდა და ატარებდა მსუბუქ მანქანებს.

მოხერხდა დიდი რაოდენობით მსუბუქი მანქანების გატარება და შესაძლებელი გახდა ლიმიტის ცოტა გაზრდა და ღამის განმავლობაში გატარდა დაახლოებით 250 სატვირთო ავტომობილი, რამაც რიგი შეამცირა, თუმცა იმისათვის, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტში რიგი არ იყოს, მინიმუმ 400 სატვირთო მანქანა უნდა გაატაროს. წარმოიდგინეთ, როდესაც ტარდება 250 ან კიდევ უფრო ნაკლები, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ხდება დიდი რაოდენობით მანქანების დაგროვება, რომლებიც ელოდებიან თავის რიგს“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პატრულირებს, რომელიც გზებზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას აწესრიგებს.

1tv.ge