რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო - ერთადერთია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც მედია თავისუფალია, არ არის კორუფცია, მაგრამ ეროვნული ინტერესები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ არის აყვანილი!

     იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა უკვე მეორედ გამოთქვა პროტესტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანელი ქალების შემოწმების გამო, რომელთა ეროვნული სამოსი სხეულის თითქმის ყველა ნაწილს ფარავს, მინდა, შემდეგი კომენტარი გავაკეთო:

საქართველო მსოფლიოში მცირეთაგან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერჯერობით, ღვთის შეწევნითა და სპეცსამსახურების მუშაობის წყალობით, ტერორიზმი გვერდს უვლის (სწორედ ამიტომ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ კარგად იცის - ვინ არიან საქართველოს შსს-ს და სუს-ის ხელმძღვანელები და არ იცნობს დანარჩენ მინისტრებს, რომელთა მუშაობა, თუკი რაიმეს იმსახურებს - მხოლოდ გაკიცხვას);

საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც მედია სრულიად თავისუფალია, რისი წყალობითაც თითქმის არ არსებობს კორუფცია, რაც მხოლოდ პოლიციისა და პროკურატურის ძალისხმევით ვერ მიიღწევა;

ამავე დროს, საქართველო - ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ეროვნული ინტერესები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ არის აყვანილი და ესეც დემოკრატიის მაღალი დონის შედეგია.

შედეგად პარლამენტმა მიიღო „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომლითაც ჰეტეროსექსუალური და მართლმადიდებელი უმრავლესობის უფლებები ლგბტ-საზოგადოების, ლიბერტარიანელებისა და სექტანტების სასარგებლოდ ილახება; თურქეთი თავს უფლებას აძლევს, დიდგორის ისტორიულ ბრძოლაში ქართველების დიადი გამარჯვების საქართველოში საზეიმოდ აღნიშვნა გააპროტესტოს; საერთაშორისო ტერორისტების აქტიური ინტერესის სფეროში საქართველოს ყოფნიდან და პანკისის ხეობის ფაქტორიდან გამომდინარე ტერაქტების მეტად მაღალი რისკის მიუხედავად, ირანი თავს უფლებას აძლევს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპასა და აშშ-ში საყოველთაოდ მიღებული შემოწმების პროცედურა გააპროტესტოს.

ნეგატივის ჩამოთვლა, რომელიც დემოკრატიის მეორე - უკანა მხარეს წარმოადგენს, კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ პრინციპი, რომელიც კანონის რანგში აყვანილი ეროვნული ინტერესების უზენაესობას უზრუნველყოფს.

დემოკრატიასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა, „ოქროს შუალედის“ პოვნა - ანუ როდესაც თავისუფლება სახელმწიფოს საფუძვლებს არ არყევს, მაგრამ მის ხელისუფლებას ნებისმიერი, თუნდაც გადაჭარბებული კრიტიკისგან არ იცავს -
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა გახდეს.

საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 20 აგვისტო
საქართველო, თბილისი