საინგილოში კიდევ ერთი ქართული ეკლესია აღდგა
საინგილოში XIX საუკუნეში აგებული წმინდა ნინოს ეკლესია აღადგინეს, რომელსაც წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულება ჰქონდა. ტაძარს, ძირითადად, სათავსოდ იყენებდნენ, სასუქისა და ნედლეულის დასაბინავებლად. გიორგობის დღესასწაულის დღეებში ტაძრის შიდა ინტერიერის რესტავრირება მოხდა, რასაც გარე ფასადისა და მისასვლელი გზების შეკეთებაც მოჰყვა.
ამ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო, უამრავი ადამიანისა თუ ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად. პირველი წირვა აღდგენილ ტაძარში 27 იანვარს ჩატარდა, წირვა კახის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბასილ გოგილაშვილმა აღავლინა. რიტუალის დასასრულს გადაწყდა, რომ ყოველი წლის 27 იანვარსა და 1 ივნისს ეს დიდი დღესასწაული კვლავ შეუფერხებლად აღინიშნოს. თუმცა ტაძარს არ ჰყავს წინამძღვარი და არც წირვა-ლოცვა სრულდება, მაგრამ იქაური მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება.