პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი დოლარის და ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს - საქინფორმი

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. დოლარის კურსმა სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ (ადგილობრივ და საქართველოში მოქმედ უცხოურ) ბანკებში 2,60-2,61 ლარის ნიშნულს მიაღწია, ხოლო 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,63-2,65 ლარად შეიძლება. ეს 20 პუნქტით (20 თეთრით) უფრო ძვირია, ვიდრე გასულ კვირას, ლარის კურსის ვარდნის დაწყებამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,6343 ლარს შეადგენს. გუშინდელი აუქციონის შედეგად კურსი 2,5694 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წინა სესიასთან შედარებით, ლარი დოლარის მიმართ 0,0649 თეთრით გაიაფდა.

ევროს ოფიციალურმა კურსმა აუქციონის შედეგად 3,0047 ლარი შეადგინა. შესაბამისად, გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით, ევრო გამყარდა, ლარი კი 0,0805 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს კურსს სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ (ადგილობრივ და საქართველოში მოქმედ უცხოურ) ბანკებში, მან 2,90 ლარის ნიშნულს მიაღწია, ხოლო 1 ევროს ყიდვა 3,01-3,05 ლარად არის შესაძლებელი. ესეც დაახლოებით 20 პუნქტით (20 თეთრით) უფრო ძვირია, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში, ლარის კურსის ვარდნის დაწყებამდე.