ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული 14 ქართველიდან შვიდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი შვიდის ბედი კი რამდენიმე საათში დანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა.
ესპანეთში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, მათი ექსტრადირების საკითხის გარკვევა ვერც ამ უწყებაში შევძელით.
შეგახსენებთ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად სპეცოპერაცია ესპანეთის ქალაქებში – ალკოასა და ალიკანტეში ჩატარდა. 15 დაკავებულიდან 14 ქართველია, ერთი კი უკრაინელი.
ინფორმაცია და სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა ერთ–ერთმა ესპანურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ჯგუფის წევრები სისტემატურად ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს.
სამართალდამცავები ამ დროისთვის მათ სავარაუდო მოკავშირეებს და იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებმაც მძარცველებისგან მოპარული ნივთები შეიძინეს. სამართალდამცველები არც იმას გამორიცხავენ, რომ დაკავებულები ნაქურდალს გასაყიდად საქართველოშიც აგზავნიდნენ.