აქტუალური
ლარის კურსის ვარდნა დროებითია, პანიკის საფუძველი არ არსებობს! - ექსპერტები

       საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ვალუტის რყევასთან დაკავშირებით ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორს გამორიცხავს.

ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისი განმარტებით, სავალუტო ბაზარზე რყევას საგარეო ან შიდა ეფექტი აქვს. ბოლო დღეებია, თურქული ლირა სერიოზულად უფასურდება. თურქეთი კი, მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, ბოლო პერიოდში რუსული რუბლის ვარდნაც ხდება, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები, გარკვეულწილად, მოქმედებენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა დროებითი ხასიათისაა. უნდა გვესმოდეს, რომ არაკონვერტირებად ვალუტებს, როგორიც არის ლარი, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ახასიათებთ ნაკლებპროგნოზირებადობა და მსგავს რყევებს, შესაძლოა, ჩვეულებრივი, აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს. არ მგონია, ეს რამე უარყოფით მოლოდინებთან იყოს მომავალში დაკავშირებული. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტების და მათ შორის, ლარისთვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის“, – აცხადება გოგიტა ცუცქირიძე.

ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამფუძნებელმა ბექარ ოიკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურება დროებითია და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს შეადგენს, მეორე კვარტალში კი - 6,0 პროცენტს, ექსპორტი 30 პროცენტითაა გაზრდილი.

აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსმა დროებით დაიწია, რისი მიზეზიც საგარეო ფაქტორებია, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურება და საქართველოს საიმპორტო პროდუქციაზე გაზრდილი ფასები. პოზიტიური ტენდენციის გათვალისწინებით, არსებული პროგნოზებით, ვფიქრობ, ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება“, – განაცხადა ბექარ ოიკაშვილმა.

ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,5339 ლარია, ევროს ოფიციალური კურსი კი – 2,9061 ლარი. ამასთან, თბილისის სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის დოლარის კურსი 2,53-2,55 ლარის ფარგლებში მერყეობს, ევროს კურსი – 2,89-2,93 ლარის ფარგლებში.