უცხოეთი
აშშ-ის სენატში წარდგენილ კანონპროექტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოში სეპარატისტების მხარდაჭერასა და ოკუპაციაზე

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრით და ოკუპაციით რუსეთმა ჰუმანიტარული კრიზისები და არასტაბილურობა შექმნა,- ამის შესახებ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელი კანონმდებლების მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი პრეზიდენტისგან ითხოვს, ღიად მოუწოდოს რუსეთის ხელისუფლებას, დააბრუნოს ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ და უარი თქვას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხრიდან ძალადობის ხელშეწყობაზე.

ამავე პუნქტში საუბარია საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტების მხარდაჭერასა და ოკუპაციაზე.

კანონპროექტი 2020-2021 ფისკალური წლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგო ფონდისთვის, 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ფონდის თანხები ევროპისა და ევრაზიის იმ ქვეყნებში უნდა დაიხარჯოს, რომლებიც რუსული გავლენისგან დაუცველები არიან. კანონპროექტის თანახმად, ფონდმა კიბერშეტევისგან უნდა დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საარჩევნო მექანიზმები, გააუმჯობესოს კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობა, გააძლიეროს სასამართლოსა და მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობა.

ფონდის ამოცანებში ასევე დასახელებულია რუსული ოკუპაციისგან შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისების წინააღმდეგ მოქმედება, პოლიტიკური გამჭვირვალობის ხელშეწყობა და რუსული გავლენის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოებებების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა.

რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისთვის წარდგენილ კანონპროექტში ცალკე პუნქტი ეხება უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს. კანონპროექტში წერია, რომ უნდა დაიწყოს პრაქტიკული მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით ვლადიმერ პუტინის აქტივებისა და პირადი ქონების მოსაძიებლად. კანონპროექტი სახელწოდებით, „კრემლის აგრესიისგან ამერიკული უსაფრთხოების დაცვის აქტი“ აშშ-ის მთავრობაში „სანქციების საკოორდინაციო ოფისის“ შექმნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც სანქციები ევროკავშირთან უნდა შეთანხმდეს და რუსული ბანკების დოლარის ანგარიშები დაიბლოკოს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედი ეროვნული გაერთიანებული ცენტრის“ შექმნას, რომლის ამოცანა მსოფლიოში და აშშ-ში რუსეთის მხრიდან გავლენის ნებისმიერ მცდელობასთან მუდმივი ბრძოლა იქნება. დოკუმენტის ტექსტი სენატორების: ლინდსი გრემის, რობერტ მენენდესის, კორი გარდნერის და ბენ კარდინის მიერაა შექმნილი.

1tv.ge