პოლიტიკა
7 სამიტი: საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის მოკლე ქრონოლოგია და მისი დღევანდელი სტატუსი ალიანსში - საქინფორმი

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა საწყისს იღებს სსრკ-ის დაშლისა და აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში. 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა, 1994 წელს შეუერთდა პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, 1999 წელს - პროგრამას „დაგეგმვისა და ანალიზის პროცესი“, ხოლო 2002 წელს - „წვრთისა და აღჭურვის“ ამერიკულ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველომ ნატოს 7 სამიტი გაიარა.

სამიტი ბუქარესტში 2008 წლის 2-4 აპრილს
ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მოგვიანებით, უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

სამიტი სტრასბურგსა და კელში 2009 წლის 3-4 აპრილს
ალიანსის წევრებმა დაადასტურეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება.

სამიტი ლისაბონში 2010 წლის 19-20 ნოემბერს
ალიანსის წევრებმა დაადასტურეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, აგრეთვე, მიესალმნენ საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნას.

სამიტი ჩიკაგოში 2012 წლის 20-21 მაისს
ჩიკაგოს სამიტზე საქართველომ ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ალიანსის წევრებმა დაადასტურეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება - რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ალიანსის მისიებში მონაწილეობით, რეფორმებს ატარებს, სტანდარტებს შეესაბამება და ამიტომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

სამიტი უელსში 2014 წლის 4-5 სექტემბერს
უელსის სამიტზე საქართველო ნატოს ერთადერთი პარტნიორი იყო, რომელმაც თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“ მიიღო. პაკეტის მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ნატოში შესასვლელად ქვეყნის მომზადება. პაკეტის ფარგლებში 2015 წელს საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ხოლო 2016 წელს - თავდაცვის ინსტიტუციური მშენებლობის სკოლა. ასევე, საქართველო გახდა შეთავსებადობის პლატფორმისა და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორთა ჯგუფის წევრი, და ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო.

სამიტი ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს
სამიტის პარალელურად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. გაძლიერებული იქნა ნატოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“. ნატოს გადაწყვეტილებით, ალიანსი დაეხმარება საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო კონტროლის, სამხედრო განათლებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაში. ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინის სრულუფლებიანი მონაწილე იქნება.

სამიტი ბრიუსელში 2018 წლის 11-12 ივლისს
„გარკვეულ დროს შანსი ექნება, მაგრამ არა ახლა!“,
- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც მისი წევრობა განუსაზღვრელ პერსპექტივაში გადადო. „წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ნატოში შესვლის პროცესის განუყოფელი ნაწილია“ - გვამცნობს ჩანაწერი სამიტის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში, საქართველოს კი ჯერჯერობით MAP-საც არ დაჰპირებიან. ეს, ასევე, ნიშნავს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა მითუმეტეს არ დაუშვებს გამონაკლისს საქართველოსთვის - არ დაარღვევს კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლებს - მას ალიანსში არ მიიღებს, სანამ ან თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არ აღადგენს, ანდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად არ აღიარებს.

ერთადერთი, რაც საქართველოს აქვს - არსებითი პაკეტია, მაგრამ 2018 წლის 27 აპრილს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებათა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი არ არის. ჯერ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსური გადაწყვეტილება უნდა შედგეს“.