უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება მიუღებელია

     საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება დაუშვებელი და მიუღებელია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ნათქვამი.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთისა და კიდევ ოთხი ქვეყნის მეირ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მიუღებელია. გერმანია მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ, რაც ჟენევის დისკუსიების ჩარჩოში უნდა მოხდეს. ეს დისკუსიები არის მიზნის მისაღწევად გაწეული საერთაშორისო ძალისხმევის ქვაკუთხედი. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და მოითხოვს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლა შეძლონ.

გერმანია ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

1tv.ge