პოლიტიკა
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი.ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი, - განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა, არც მოხდარიყო. ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ნატოს ბრიუსელის სამიტზე 2018 წლის 11-12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საქართველოს „გარკვეულ დროს შანსი ექნება (ნატოში შესვლის - საქინფორმი), მაგრამ ახლა არა!“. იმავე სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა ორგანიზაციის განზრახვა, საქართველო ნატოში მიიღონ, თუმცა არ დაუზუსტებია - როდის. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 16 ივლისს, ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს „უკიდურესად უარყოფითი“ რეაქცია ექნება საქართველოს და უკრაინის ნატოში შესვლაზე.