აქტუალური
რომელი ქვეყნის მოქალაქეებს არ უშვებენ ყველაზე ხშირად საქართველოში - რუსეთი მე-4 ადგილზეა

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტ უარს ინდოეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეუბნებიან (საქართველოს საზღვრებზე სამართალდარღვევების შესახებ სრული სტატისტიკა იხილეთ საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე). 2018 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3 000 მოქალაქეს ეთქვა. საზღვრიდან ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეები გააბრუნეს (571). მათ მოსდევენ თურქეთის (492) და აზერბაიჯანის (418) მოქალაქეები. რუსეთის მოქალაქეები ამ სტატისტიკაში მე-4 ადგილს იკავებენ, მათ 230-ჯერ უთხრეს უარი, ხოლო სომხეთის მოქალაქეები - მე-8 ადგილს (88 უარი). ათეულში შევიდნენ, აგრეთვე, სირიის, უზბეკეთის, თურქმენეთის, პაკისტანისა და ეგვიპტის მოქალაქეები. საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე თითოჯერ უთხრა უარი აშშ-ის, ბულგარეთის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, კამბოჯის, კამერუნის, ფიჯის, ჰაიტის, ლიბიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მადაგასკარისა და უგანდის მოქალაქეებს.

ყველაზე ხშირად საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულებს არ უშვებენ. შემდეგია საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ აზერბაიჯანთან საზღვარზე, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ რუსეთთან საზღვარზე, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ სომხეთთან საზღვარზე.

6 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. ყველაზე ხშირად საქართველოში აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის და თურქეთის მოქალაქეები ჩამოდიან.