"პროვოკაცია", "თავხედობა" - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსულ წვრთნებს თბილისში აფასებენ
უცხოეთი
"პროვოკაცია", "თავხედობა" - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსულ წვრთნებს თბილისში აფასებენ

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსულ წვრთნებს თბილისში საერთაშორისო სამართლის კანონდარღვევად აფასებენ.

ქართველი კანონმდებლების თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებას, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ წარმოებულ წვრთნებს პროვოკაციად აფასებს.

„ეს არის მორიგი მტკიცებულება რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების ოკუპაციის და მტრული განწყობის. რა თქმა უნდა, ამის საპასუხოდ საქართველომ უნდა გააგრძელოს უფრო აქტიური საერთაშორისო პოლიტიკა და პოზიციონირება იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად დავუახლოვდეთ სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეს, როგორც სტანდარტებით, ასევე ჩვენი შესაძლებლობებით,“ - განაცხადა აბესაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამისთვის ოფიციალური თბილისი ყველა ტრიბუნას და ბერკეტს გამოიყენებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, რუსეთის მიერ განხორციელებულ წვრთნებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „თავხედობად“ აფასებს.

„რუსეთი ამ პროვოკაციებს აგრძელებს, ეს არის მათი ერთგვარი არაადეკვატური პასუხი იმ მოქმედებებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების გამტკიცების გზაზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზაზე და მას უნდა, ეს წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარი ჩვენგან მილიტარისტული ნაბიჯი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

rustavi2.ge