პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა
სამართალი
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, უვადო პატიმარს პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.

გეტყვით, რომ უვადო მსჯავრდებულს ძალიან ბევრი აქვს მოხდილი. მისი საქმე არსებითად განიხილა კომისიამ, ის დებულებით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებდა და კომისიამ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ საპატიმრო დაწესებულებაში შემდგომი ყოფნისთვის გარკვეული ვადა დაედგინა. შემდგომ პრეზიდენტმა იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი და 83 პატიმარი შეიწყალა.

შეწყალების კომისია 2018 წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, რომელმაც 876 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. 83 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. სულ შეწყალებულთა შორის არის სამი ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდა სასჯელი. არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულიც“, – განაცხადა ქორიძემ.