პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე საბიუჯეტო თანხებს, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს, ისინი კანონმდებლობის თანახმად ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

ახლა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაინიშნა არჩევნები, დაიწყო ის პროცედურები, რაც არის დაკავშირებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, რეგისტრაციის პროცედურები, რომლებიც უკავშირდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციას, მათ მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას და, ასევე, დაიწყო რეგისტრაციის პროცედურები მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის არჩევნებში, ცესკო-ში რეგისტრაციის გავლამდე დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი მზად არის ნებისმიერი სახის დამატებითი კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად, რათა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართოს.