აშშ-ის საელჩო: რუსეთის ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, ოკუპირებული ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი
აქტუალური
აშშ-ის საელჩო: რუსეთის ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, ოკუპირებული ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ყოველივე ამას საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით აკეთებენ. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, სოფელ წებელდასთან მე-8 და მე-9 საუკუნის ნანგრევები გაანადგურეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი სამხედრო სასროლეთისთვის გამოეყენებინათ. ამით საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი სამუდამოდ გაქრა. ახლახანს კი რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები. მრავალ მიზეზს შორის ეს სულ რამდენიმეა, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ განცხადება ამ დღეებშიც გაავრცელა. აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით.