უცხოეთი
სერგეი ლავროვი - სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვთ სომხეთში, ეწინააღმდეგება სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური წინამორბედების დევნა არ მოხდებოდა.

„რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, დაინტერესებულია სომხეთში სტაბილურობის შენარჩუნებით. ის, რაც ახლა იქ ხდება შეშფოთებას იწვევს, მათ შორის დსთ-ს იმ ორგანიზაციების მუშაობის კუთხით, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში პოლიტიკოსების დაკავების საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრება.
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში წაუყენა.

interpressnews.ge