სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს! - ეკა ბესელია
აქტუალური
სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს! - ეკა ბესელია

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია. მას აქვს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. ეს განცდა განსაკუთრებით მიღრმავდება, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, რომლებიც სახელდებიან. სალომე ზურაბიშვილი ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სირთულე და სიძნელე გადაულახავს. ძალიან რთულ, საპასუხისმგებლო და ძალიან სახიფათო პერიოდში იყო გაბედული და ფრონტის წინა ხაზზე. დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის მიერ განვლილ გზას. ახლა ვინ როგორ იღიმება და ვის მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს არ არის განმსაზღვრელი“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი განმარტებით, განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, პოლიტიკოსის მიერ განვლილი გზა, გამოცდილება, სახელმწიფოებრივი ხედვა და ა.შ. ასე რომ, მას აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შანსი“, – დაასკვნა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, ჯერ უმრავლესობამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ვის დავუჭერთ მხარს და ვინ იქნება კანდიდატი, რომლის მხარდასაჭერადაც იმუშავებს მმართველი პარტია. ეს იქნება პირველი ეტაპი. რაც შეეხება მეორე ეტაპსფინანსები, საარჩევნო პროცედურები, კამპანიის წესები, გარწმუნებთ, აბსოლუტურად ყველა წესი იქნება დაცული, ისე, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნები. ამაზე მსჯელობა პოლიტსაბჭოზე გაიმართება, მაგრამ ჯერ დანიშნული არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა უკვე მოითხოვა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.