ნიკოლ ფაშინიანი - ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ
უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

„მზად ვარ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებებისთვის, მზად ვარ მასთან შესახვედრად. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებების ფორმატი, ამიტომ არ მგონია, ამ ფორმატის დარღვევა სწორი იყოს. ეს მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნებისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. სამი ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი სახელმწიფო მონაწილეობს ამ ფორმატში და მჯერა, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობას ექნება პოლიტიკური ნება, მაშინ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. ამასთან, მინდა ცალსახად ვთქვა, რომ არაფერს გავაკეთებთ მუქარის ფონზე. აზერბაიჯანიდან კი, ეს ყოველდიურად გვესმის და მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერისგან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, სომხეთიც მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდოაბინი გზით მოგვარებას და მშვიდობას რეგიონში. ამასთან, ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის აგრესიული რიტორიკა სომხეთში მომხდარი რევოლუციით არის გამოწვეული.

„არ არსებობს დემოკრატია, რომელსაც სურს ომის დაწყება, სურს ძალის გამოყენება პრობლემის მოსაგვარებლად. რატომ გახდა აზერბაიჯანი უფრო აგრესიული სომხეთში რევოლუციის შემდეგ? სომხეთმა მიაღწია პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, მონოპოლიასთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, ილჰამ ალიევს ეშინია, რომ აზერბაიჯანელი ხალხი შთაგონებული იქნება სომხეთის რევოლუციით და იგივე ცვლილებების მოხდენის სურვილი მათაც გაუჩნდებათ. აზერბიაჯანის ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა სწორედ ამ სიტუაციასთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს თავისი მოქალაქეების ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან მთიანი ყარაბაღისკენ მიმართოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წელს გაიმართება. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის საჭირო ერთწლიანი ლოდინი, ფაშინიანი აცხადებს, რომ მოსამზადებელი პერიოდი აუცილებელია, რათა სომხეთის მოქალაქეთა უფლებები დაცული იყოს და არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

1tv.ge