საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია - დავით ზალკალიანი
საზოგადოება
საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია - დავით ზალკალიანი

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ტოლერანტობის ისტორია მდიდარი და წარმოსაჩენია. სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის და ეთნიკური უმცირესობების ჰარმონიული თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ, საკუთარი ისტორიის წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული საზოგადოების სახელი დაიმკვიდრა.

პირველმა დიპლომატმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გაუსვა ხაზი, ამის მაგალითად კი უნიკალური ფენომენი – ქართველი შიიტები და სუნიტები მოიყვანა, რომლებიც ერთ მეჩეთში ლოცულობენ.

დავით ზალკალიანმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ილაპარაკა. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრესის მიღწევა რელიგიის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტოლერანტობისა და დიალოგის გასაუმჯობესებლად საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. „2014 წლის შემდეგ 202 მეჩეთი მუსლიმებს დაუბრუნდათ, 20 სინაგოგა - იუდეველებს, ორი ტაძარი კი - ევანგელურ-პროტესტანტ საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პირველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა. სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დავით ზალკალიანმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ რთულ ვითარებაზე ილაპარაკა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობებს ყველა სახის შესაძლებლობებს და ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე მათი უფლებების, თავისუფლების გარანტიას აძლევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორი რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის უფლება ჩამორთმეული აქვს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში გამწვავდა, რადგან, 2008 წლის შემდეგ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და მათ მრევლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მათ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ეკლესიებში რელიგიური რიტუალების ჩატარების საშუალება არ აქვთ.

ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განზრახ არის დაზიანებული. ეს კი რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გაქრობის მცდელობაა.

ამის მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისთვის. ამისთვის კი დიპლომატიურ გზებს მიმართავს, მათ შორის არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობის მინისტერიალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გახსნეს, რის შემდეგაც პლენარული სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლებით გაგრძელდა.

მინისტერიალს 80 ქვეყნის დელეგაცია და ათეულობით ქვეყნიდან ჩასული მინისტრები ესწრებოდნენ.