ქეთევან ციხელაშვილი ნინოწმინდაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებსა და მოსახლეობას შეხვდა
აქტუალური
ქეთევან ციხელაშვილი ნინოწმინდაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებსა და მოსახლეობას შეხვდა

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ნინოწმინდაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ სარქისის ეკლესიის მღვდელმსახურებსა და მრევლს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მინისტრმა ისაუბრა ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლისთვის განკუთვნილი ქართული ენის სპეციალური კურსების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით სექტემბრიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სურბ სარქისის ეკლესიაში გაიხსნება.

პროექტი სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მოგვიანებით ციხელაშვილმა ახალქალაქში საინფორმაციო კამპანია გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას გულისხმობს.

მოსახლეობას მომდევნო კვირის განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის შესახებ.

მსგავსი კამპანია უკვე ჩატარდა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, ქართულ და სომხურ ენაზე ჩატარდება.