სამართალი
მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი.

ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებშივარდისფერი ამფეტამინისსახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული . ., 1992 წელს დაბადებული . ., 1997 წელს დაბადებული . ., 1997 წელს დაბადებული .. და 1998 წელს დაბადებული .. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეოგადაღება.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და ზუსტი ადგილის შესახებ მონაცემებს იღებდნენ”, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინი. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული .. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა აღნიშნული პირისგან სასამართლო განჩინებების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე .. და .. დააკავეს. ბრალდებულებისგან პოლიციამ 13 შეკვრად დაფასოებული 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე ჰეროინი, 7191 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი, 2 კილოგრამამდე მდმა, 1 კილოგრამი და 200 გრამი ჰაშიში, 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და, ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) – 98 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.