სამართალი
შოაიპ ბორზიევმა სასამართლოს ჩვენება პირველად მისცა - დეტალები ბორზიევის ჩვენებიდან

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით დაკავებულმა შოაიპ ბორზიევმა სასამართლოს სხდომაზე დუმილი პირველად დაარღვია და საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

როგორც ადვოკატი იმედა ქარქაშაძე განმარტავს, შოაიპ ბორზიევი იძულებული იყო, 18 წლის ასაკში დაეტოვებინა ჩეჩნეთი და სირიაში წასულიყო, რადგან მას და მის ოჯახს კადიროვი დევნიდა. უფლებადამცველმა ბორზიევის საბოლოო სიტყვის დეტალები პირველ არხს ექსკლუზიურად გააცნო.

ექვსი წლის იყო, როდესაც ბიძები დაუხოცეს, შემდგომ ბიძაშვილი მოუკლეს. მათ პრეტენზიები კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ გამოთქვეს ისევე, როგორც ბორზიევმა. ამიტომ იძულებული გახდა, წასულიყო ჩეჩნეთიდან. ევროპაში გადასვლა უნდოდა, რასაც თურქეთის გავლით აპირებდა, ამიტომ შემოვიდა ჯერ საქართველოში. ოფიციალურად გადმოკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში. იქ ნათესავი დაპირდა დახმარებას, თუმცა არ დაეხმარა და ჩეჩნეთში მის დაბრუნებას ცდილობდა. ამის შემდეგ ცნობილი ხდება მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ბორზიევი იძულებული გახდა, გარკვეული პერიოდი სირიაში დამალულიყო, სადაც ყველგან არ არის საომარი მოქმედებები. ის იქ ჩვეულებრივად ცხოვრობდა“, -განაცხადა ადვოკატმა.

იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, სირიაში ბორზიევს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, თუმცა დაბომბვის დროს მძიმედ დაშავდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საავადმყოფოში მას ჩეჩენი ეროვნების პირი უვლიდა, რომელიც ჩატაევის ნაცნობი აღმოჩნდა.

ინტერნეტ კაფედან ის უკავშირდებოდა ოჯახს. ერთ-ერთი კავშირის შემდეგ ხდება რეგიონის დაბომბვა და ბორზიევი მძიმედ იჭრება ზურგის და ფეხის მიდამოში. იმის გამო, რომ ჩეჩენი იყო, საავადმყოფოში მას ერთ-ერთი პიროვნება, ასევე ეროვნებით ჩეჩენი უვლიდა, ის ჩატევის თანამებრძოლი აღმოჩნდა. სწორედ ამ პიროვნებისგან გაიცნო შემდგომ ახმედ ჩატაევი. 9 თვის განმავლობაში ბორზიევი მკურნალობდა, შემედეგ კი დაიწყო რეაბილიტაცია. პიროვნება, რომელიც მას უვლიდა, დაიჭრა. შოაიპ ბორზიევმა გადაწყვიტა, ახლა თავად დახმარებოდა მას. სწორედ ამიტომ ჩანს იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც საქმეში არსებობს. არის ჩვეულებრივი სცენა, ჩანან ჩეჩნები, რომლებსაც გადაჰქონდათ იარაღი ერთი ქალაქიდან მეორეში, მათ უნდა გაევლოთ ქალაქი, სადაც მკურნალობდა დაჭრილი. სწორედ ასე მოხვდა ბორზიევი კადრებში, ის დაემგზავრა ჩატაევს და მის თანამებრძოლებს. მონაწილეობას ბრძოლო მოქმედებებში ვერ მიიღებდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო “, - ყვება უფლებადამცველი.

მისივე თქმით, სირიიდან თურქეთში ბრალდებული მალევე დაბრუნდა და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელა, დაოჯახდა და სწორედ თურქეთში გაიცნო ასლანბეკ სოლტახმადოვი, რომელიც შემდგომში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციისას იქნა ლიკვიდირებული.

თურქეთში დიდია ჩეჩნეთის დიასპორა, სოლტახმედოვი შემთხვევით გაიცნო. ორივეს უნდოდა ევროპაში გადასვლა და ცხოვრების გაგრძელება. ამ დროს თურქეთში ირევა სიტუაცია. ბორზიევი და სოლტახმედოვი გადაწყვეტენ, შემოვიდნენ საქართველოში და აქედან გადავიდნენ ევროპაში. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მათთვის ცნობილი ხდება, რომ არსებობს პანკისის ხეობა, სადაც ქისტები ცხოვრობენ. ისნის მეტროსთან სრულიდ შემთხვევით ხვდებიან რამაზ მარგოშვილს, რომელიც ტაქსის მძღოლია და მის ნაქირავებ ბინაში სახლდებიან. ისინი მარგოშვილს ტურისტებად ეცნობიან. შემდეგ პანკისშიც ჩადიოდნენ და სხვა ბრალდებულებიც გაიცნეს”, - აცხადებს ადვოკატი, მისივე განმარტებით, საბოლოო სიტყვაში შოაიპ ბორზიევმა თქვა, რომ თბილისში ყოფნის დროს ასლანბეკ სოლტახმედოვს დაუკავშირდა აბუ ჰურეირა, თუმცა საიდან იცნობდნენ ისინი ერთმანეთს ან საიდან შეიტყო აბუ ჰურეირამ მათი საქართველოში ყოფნის შესახებ, ბორზიევმა არ იცის.

სოლტახმადოვს ურეკავს აბუ ჰურეირა და სთხოვს შეხვედრას. ეუბნება, ვიცი, რომ საქართველოში ხარო. მერე ხვდებიან, ადიან იმ ბინაში, სადაც ჩატაევი ხვდებათ. მასთან ქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, მოძრაობდნენ ქალაქში, რაიმე ტერორისტული აქტის ჩატარება გამორიცხული იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აბუ ჰურეირასა და ჩატაევზე .. შაჰიდის ქამარი არ უნახავს, თუმცა ნახა ორი პისტოლეტი“,- განუცხადა იმედა ქარქაშაძემ პირველ არხს და აღნიშნა, რომ ბორზიევის ნაწილობრივ გამართლების იმედი აქვს

ის აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას და საზღვრის უკანონოდ კვეთას, თუმცა არ აღიარებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას“, - აცხადებს ადვოკატი.