რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ვინ ვაჭრობს რუსეთის ვიზებით, ანუ რუსეთის ინტერესები - 30 ვერცხლად

     რიგები და კრიმინალი თბილისში, რუსეთის ფესერაციის ინტერესთა სექციასთან, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის დამახასიათებელი ნაწილია!

უსასრულო რიგები რუსეთის ვიზების მოლოდინში, პაპანაქება სიცხეში და ყინვაში გზის სავალ ნაწილზე საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურის შენობასთან ჯანმრთელობისთვის სახიფათოა! საქმე უკვე შეხლა-შემოხლამდე მიდის, რუსებმა პასუხად მუშაობას წყვეტენ და ამით ყველას ერთად სჯიან, როგორც კოლონიაში და ჯარშია მიღებული. რაიონებიდან ჩამოსულები, რომლებმაც რუსეთის ვიზის ორ, ზოგჯერ კი სამთვიან მოლოდინში ყველაფერი დაყიდეს, ღამეს იქვე, ტროტუარის ასფალტზე და ბორდიურებზე ათევენ, „სასწრაფო დახმარებას“ წამდაუწუმ მიჰყავს ვიღაც გულის შეტევით ან რიგში მიღებული ტრავმებით, პოლიციის პატრულს კი „კა-პე-ზე“-ში გადაჰყავს ისინი, ვინც ემოციები და საკონსულოს თანამშრომლების მისამართით „შეკურთხება“ ვერ შეიკავა! თუმცა, ვიზის მიღება ურიგოდაც შეიძლება, თუ იქვე „ბლატნოებს“ 350-550 დოლარს ქრთამს მისცემთ. ეს უმსგავსობა უკვე წლებია, გრძელდება, რაც მოსკოვში კარგად იციან და რაც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილ მოქალაქეებსაც კი ღრმად აღაშფოთებს, მაგრამ მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. რატომ? მოდით, გავერკვეთ.

სტამბულის აეროპორტის კეთილმოწყობილ უზარმაზარ დარბაზში მოსაწევი ადგილი არ არის, ამისთვის გამოყოფილია დარბაზთან მიმდებარე 6 კვ.მ ზომის სექცია - ჭუჭყიანი კედლებით, ფანჯრებისა და ვენტილაციის გარეშე, გახვრეტილი სახურავით, რათა თამბაქოს ბოლში ჩამხრჩვალმა მწეველებმა თავი საზოგადოების დამცირებულ, გარიყულ წევრებად, მავნე ჩვევის მონებად იგრძნონ!

თურქული სექციის პრინციპით მუშაობ რუსეთის სექციაც თბილისში: საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც რუსეთის ვიზის მიღება სურთ, რიგში მოლოდინის პროცესში დამცირების ფიალა ბოლომდე უნდა დაცალონ, თუმცა მათ შენობის შიგნითაც უხეშად და აგდებულად ექცევიან, როგორც პოლიციელები - პოტენციურ დამნაშავეებს. ეს იმის გამო, რომ მათ იმ ქვეყანაში სტუმრობა განიზრახეს, რომელსაც მტერს და ოკუპანტს ეძახიან; იმის გამო, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს და შედეგად 2008 წლიდან ის საქართველოში საელჩოთი კი არა, სექციით არის წარმოდგენილი; იმის გამო, რომ რუსები ამერიკელებზე გაცვალეს და ნატო შემოუშვეს, რის შედეგადაც ალიანსი რუსეთის საზღვრებზე უკვე სამხრეთიდანაც გადის! ამიტომ, თუ საქართველო ნატოზე უარს არ იტყვის, რუსეთთან სავიზო რეჟიმი არათუ არ გაუქმდება, არამედ გამკაცრდება კიდეც!

პოლიტიკურის გარდა, აქ მატერიალური მიზეზიც არსებობს - ვიზებს წელიწადში 20 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს, რაც საქართველოში რფ-ის ინტერესთა სექციას ფინანსურად საინტერესოს და სრულიად თვითანაზღაურებადს ხდის! უსასრულო რიგი კი კორუფციას ბადებს, რომელზეც ხელებს ითბობენ სამი არარუსი წარმოშობის ე.წ. „რუსეთის თანამემამულე“ და მათი საქმიანი პარტნიორები - რუსი ჩინოვნიკები! საქართველოში „ჰუმანიტარული კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობის“ შირმით წელიწადში 1 მილიონი დოლარი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ მიედინება ამ „ბლატნოი“ კომბინატორების ჯიბეში და მათი მფარველი რუსი ჩინოვნიკების „ატკატებზე“. თავის მხრივ, მოსკოველი მფარველები საქართველოში აგზავნიან „ბლატნოების“ მიერ შეკვეთილი რაოდენობის მოწვევებს რუსეთის სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მაგალითად - კულტურის სამინისტროს ხაზით, რომელთა საფუძველზე კულტურისგან შორს მდგომი, მაგრამ გადახდისუნარიანი საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ვიზებს თბილისში დაბრკოლების გარეშე იღებენ ცალს 550 დოლარად.

ამ საქმიანობიდან საქართველოს ბიუჯეტში ცენტიც არ შედის, იმიტომ, რომ „ბლატნოი“ მაქინატორები უმალავენ ქართულ სახელმწიფოს არა მარტო თავიანთ უკანონო შემოსავლებს სავიზო ექსპრეს მომსახურებიდან, არამედ არარსებული „საქართველოს უკვდავი პოლკის მსვლელობების“ და სხვა ფიქტიური, მაგრამ სუპერ მომგებიანი „ჰუმანიტარული კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებებიდან“, რომლებიც დაბეგვრას აუცილებლად ექვემდებარება! საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში კი რუსული ცუდად იციან და ამ დანაშაულებს თვალს არიდებენ - აქაოდა, ღმერთმა დაიფაროს, რუსეთთან პოლიტიკური სკანდალი არ გამოვიწვიოთ და თანამდებობა არ დავკარგოთო! თუმცა, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, ადგილი აქვს რუტინულ კორუფციას, დატაცებას და საყოფაცხოვრებო ქურდობას ზემოთ მითითებული სამი „ბლატნოის“ და მათი მფარველების სახით!

მოდით, დავითვალოთ: თუ მოწვევა გაგაჩნიათ, ოფიციალურად რუსეთის ერთჯერადი ჩვეულებრივი ვიზის მიღება 4-დან 20-მდე სამუშაო დღეში 60 დოლარი ღირს, ხოლო 1-3 სამუშაო დღეში - 120 დოლარი. გარდა ამისა, არსებობს ორჯერადი, მრავალჯერადი და უამრავი სხვა ნაირსახეობის ვიზა, ასევე პასპორტების, ცნობების გაცემასთან და რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა სერვისი, რომლებიც უფრო ძვირად ღირებულია (იხ. ტარიფები სექციის ვებგვერდზე). მაგრამ მოდით, მხოლოდ ჩვეულებრივი, ერთჯერადი 60-დოლარიანი ვიზები იყოს. მაშ ასე:

საკონსულო განყოფილება დასვენების დღეების გარეშე მუშაობს და ყოველდღიურად 350-ზე მეტ ვიზას გასცემს. ეს 2016 წლის მონაცემებია, დღეს, ალბათ, გაცილებით მეტია, მაგრამ მოდით, ყველაზე მოკრძალებულ ციფრებს მივმართოთ. დღეში 350 ვიზიდან გაანგარიშებით, თვეში 10 ათას 500 ვიზა გამოდის, ხოლო წელიწადში - 126 ათასი. 60 დოლარზე თუ გავამრავლებთ, მივიღებთ შემოსავალს - 630 ათას დოლარს თვეში და 7 მილიონ 560 ათას დოლარს წელიწადში. ეს - ოფიციალურად, და უფრო მეტია არაოფიციალურად: თუ ვიგულისხმებთ, რომ 126 ათასი მოქალაქიდან სულ ცოტა 20%-მა, ანუ 25 200-მა მოქალაქემ მინიმუმ 350 დოლარი ქრთამი მისცა, ეს 8 მილიონ 820 ათასი დოლარია ზემოთ აღნიშნული „ბლატნოების“ და მათთან შეკრული კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების ჯიბეში! თუ არ გავითვალისწინებთ, როგორც ზემოთ ითქვა, ვიზებისა და მომსახურების სხვა სახეობებს, არ გავითვალისწინებთ 550 დოლარის გადამხდელებს, რომლებიც დამატებით მიწვევასაც ყიდულობენ, არ გავითვალისწინებთ წვრილ-წვრილ ქრთამებს ანკეტის შევსებაში დახმარებისთვის და ასე შემდეგ.

საქართველოში რფ-ის ინტერესების სექციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ევგენი კონიშევის დადანაშაულებას ან მისგან ცვლილებების მოთხოვნას აზრი არა აქვს, ის ერთი უბრალო „მეისრეა“. როგორც კი სექციის წინა ხელმძღვანელმა ამ ცეხის განადგურება მოინდომა - გამოიძახა პოლიცია და ბულდოზერი, გარშემო ჯიხურები ააღებინა და ზემოხსენებული „ბლატნოების“ ხელის ბიჭებიანი ავტომისაბმელები დაარბია - ის, პროფესიონალი და 55 წლის პერსპექტიული დიპლომატი, 24 საათში საქართველოდან გაიწვიეს და რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან „მგლის ბილეთით“ გააგდეს ... კორუფციაში ბრალდებით! დიახ-დიახ, თბილისში “ბლატნოებმა“ მას პროვოკაცია ძვირფასი საჩუქრით მოუწყვეს - „პარკერის“ ფირმის ოქროსკალმიანი კალმისტრით და წარწერით „სულითა და გულით“, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოში სიფხიზლემოდუნებულმა ვადიმ გორელოვმა გულუბრყვილოდ მიიღო! ამის ამსახველი ფარული ჩანაწერი მოსკოვს სასწრაფოდ გაეგზავნა, შედეგად მთლად გაღორებული „ბლატნოები“ დაბრუნდნენ, უმუშევარი „პოგორელოვი“ კი დღემდე წარუმატებლად ედავება სასამართლოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

ამიტომ, როდესაც ქართველებს ურჩევენ, ნატოში არ შევიდნენ და გეორგიევსკის ტრაქტატს, მართლმადიდებლურ ერთმორწმუნეობას და ერთიანობით მოპოვებულ დიად გამარჯვებას შეახსენებენ, დაე, ნუ დაივიწყებენ, რა სირცხვილი და უმსგავსობა ხდება რუსეთის საკონსულოსთან თბილისში!

დაე, იცოდნენ - რა დამცირების გადატანა უწევთ დღეს ფრონტზე დაღუპული 350 ათასი პაპისა და დიდი პაპის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, რომლებსაც მათი წინაპრების სისხლით მორწყულ რუსულ მიწაზე დაბიჯება სურთ!

როდესაც ისტორიულ მემკვიდრეობაზე, ტრადიციებზე, კულტურების ურთიერთშეღწევაზე და მრავალსაუკუნოვანი რუსულ-ქართული მეგობრობის აღდგენაზე გველაპარაკებიან - დაე, ჯერ შეწყვიტონ ამ მეგობრობის და რუსეთის ინტერესების გაყიდვა რუსეთის ინტერესების სექციაში! დიახაც, საქართველოს მოქალაქეების შეურაწყოფა არ შედის რუსეთის ნამდვილ ინტერესებში!

დაე, ახსოვდეთ, რომ დღეს რუსეთს საქართველოში წარმოადგენენ უვიცი ვიგინდარა უტიფრები და ვიზებით მოვაჭრე გაიძვერა სპეკულანტები, მოღალატეები და საფლავების წამბილწველნი, რომლებმაც მოსკოვის მიერ ვეტერანთა დასახმარებლად და დიდი სამამულო ომის გმირთა საფლავების მოსავლელად გამოგზავნილი ასიათასობით დოლარი მოიპარეს! მსგავსი ღალატის პირველი პრეცედენტი 2018 წლის წინ მოხდა, როდესაც გამთენიისას თანამედროვე იუდების - კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების და აქაური „ბლატნოი“ „თანამემამულეების“ - წინაპარმა 30 ვერცხლად თავად მაცხოვარი გაყიდა! „პეტუხები“ მაშინაც ყიოდნენ...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 30 ივლისი
საქართველო, თბილისი