სამართალი
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. გამოიკითხება ყველა პირი, ვისი გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება? - ვასაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არ არის.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ გამოიკითხებიან ყოფილი მინისტრები – დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.