უცხოეთი
ესპანეთში ბინების ქურდობის მცდელობისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ესპანეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანური მედია იუწყება, მამაკაცები ბასკეთში, ქალაქ ვიტორიაში, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში აიყვანეს. საეჭვო პირების შესახებ პოლიციას მოქალაქეებმა შეატყობინეს. მათივე ინფორმაციით, სამი უცნობი მამაკაცი სხვადასხვა ბინის კარის გაღებას ცდილობდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივების უმეტესობა ტრადიციულ დღესასწაულზე იმყოფებოდა და სახლებში თითქმის არავინ იყო. ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ, უცნობებმა გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება მაინც შეძლეს. ჩხრეკისას მათ კარის საკეტის გასახსნელად საჭირო მოწყობილობები აღმოაჩნდათ. სამივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთს კატალონიაში ბინის გაქურდვისთვის ეძებდნენ. ის ციხეშია გადაყვანილი. დანარჩენი ორი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც ესპანური მედია წერს, წელს ზაფხულში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს კიდევ შვიდი მოქალაქე დააკავეს.

1tv.ge