სამართალი
აფხაზეთში რუსი ბიზნესმენი გაიტაცეს

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში 53 წლის რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი გაიტაცეს. 18 ივლისს იაკოვლევის მეუღლემ სანკტ-პეტერბურგში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

მისი თქმით, მაქსიმ იაკოვლევი აფხაზეთში ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დაიკარგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, სისხლისა და ბრძოლის კვალია, ნაწილობრივ დამტვრეულია ავეჯი.

მედიის ცნობით, მაქსიმ იაკოვლევი 20 ივნისს გაიტაცეს. გარკვეული დროის შემდეგ მან ცოლს გაუგზავნა წერილი და 200 მილიონი რუბლის შეგროვება სთხოვა. იაკოვლევის ცოლის თქმით, ხელნაწერი მის მეუღლეს ეკუთვნის.

მაქსიმ იაკოვლევს აქვს წილები უცხოურ კომპანიებში, მათ შორის კვიპროსულ „დევონკროფტ ინტერპრაიზეს ლიმიტედში“. ეს კომპანია ჰოლდინგ „პოლიგრაფ ოფორმლენიეს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია. მაქსიმ იაკოვლევი ასევე კიროვის ქარხნის მინორიტარია.

როგორც მედია წერს, რუსული საკანონმდებლო ნორმების გამო იაკოვლევი, სავარაუდოდ, იძულებული იყო, გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ ეცხოვრა, რათა ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება არ ჰქონოდა. თუმცა, ვინაიდან ინტერპოლით იძებნებოდა, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, სხვაგან ვერ წავიდოდა.

იაკოვლევის მიმართ, ყოფილი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, ყირგიზეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.