სამართალი
საქართველოს სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული გაამართლა

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე, რომელიც 2011 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კიღურაძე საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს 2010 წლის ნოემბერში სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ადამიანების გამოვლენა, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. 2011 წლის მარტში თბილისის სასამართლომ კიღურაძე ჯაშუშობის მუხლით დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს საქართველოს პარლამენტმა კიღურაძე და კიდევ 205 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ და დევნილ პირთა სიაში შეიტანა. ამგვარად, კიღურაძე გათავისუფლდა. 2017 წლის თებერვალში კიღურაძის საქმის გადახედვის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ ის უდანაშაულოდ ცნო.

ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა. კერძოდ, საპატიმრო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთი კვირის მანძილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტპატიმრის ჯაშუშობაში მამხილებელ მთავარ მოწმეზე, რის შედეგადაც მოწმეს ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, 2010 წელს გამოძიება ამტკიცებდა, რომ კიღურაძემ სხვა მეცნიერ-მუშაკებთან ერთად, რუსეთის დაზვერვის დავალებით, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ სამეცნიერო ნაშრომი შექმნა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ინახავდა.

კიღურაძის გარდა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო კიდევ სამი პოლიტპატიმარი — ბექა პეტრიაშვილი, ზვიად შინჯიკაშვილი და გია სალუქვაძე, რომლებიც 2011 წელს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით მიღებულია 59 მსჯავრდებულის საქმის გადასინჯვის გადაწყვეტილება. აქედან 13 პოლიტპატიმარია, 47-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი.