სამართალი
აფხაზეთში ერთ კვირაში მკვლელობის ოთხი ფაქტი მოხდა

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.  14 ივლისს სოხუმში ქალმა საკუთარი მეუღლე თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლა. მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. ქალი 15 ივლისს დააკავეს.

15 ივლისს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა გუდაუთის რაიონის სოფელ ბარმიშში. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან 1969 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულია მოკლულის ძმა. ამოღებულია 12 ჰილზა და „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

16 ივლისს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ერთ-ერთ საწარმოზე. უზბეკეთის მოქალაქე ქალბატონს თავდამსხმელებმა ფული მოსთხოვეს, ქალმა თავდამსხმელისთვის იარაღის წართმევა შეძლო ​და ადგილზე მოკლა ერთ-ერთი თავდამსხმელი, 1977 წელს დაბადებული ტყვარჩელის მკვიდრი. ორმა თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

21 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ ქვედა კელასურში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 1955 წელს დაბადებული პირია. მათივე ინფორმაციით, მკვლელმა ორლულიანი თოფიდან გასროლით დაცხრილა 1972 წელს დაბადებული მამაკაცის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი“. მამაკაცს ტყვია სახის არეში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.