აქტუალური
რუსეთის მეხდაცემული მოქალაქე პირველ განცხადებებს აკეთებს

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქე ვლადისლავ პოპოვი, რომელსაც ყაზბეგზე ასვლისას მეხი დაეცა, მიიჩნევს, რომ მას გაუმართლა, რომ გადარჩა, რადგან ასეთ შემთხვევებში ადამიანები იღუპებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორშაბათს მაშველებმა ვერტმფრენით ჩამოიყვანეს ყაზბეგის მთიდან სტეფანწმინდაში 49 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მეხი დაეცა. ამჟამად პოპოვი სტეფანწმინდის საავადმყოფოში მკურნალობს.

შვიდი-რვა კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე. ორი უკვე ასული იყო, დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით. ათი მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ მახსოვს. როდესაც ჩამომიყვანეს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. გავჩერდით 400 მეტრ სიმაღლეზე ბანაკში. არ შემეძლო სიარული და ორგანიზმიც გადაციებული მქონდა. ღამე კარავში დავრჩით, ვერტმფრენი მხოლოდ მეორე დღეს ჩამოფრინდა“, — განაცხადა პოპოვმა.

დაშავებულმა ასევე განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ფეხზე დგომა არ შეუძლია, რადგან წონასწორობის შენარჩუნება უჭირს.

ექიმები მეუბნებიან, რომ გამიმართლა, რადგან მეხის დაცემით ადამიანი კვდება“, — ამბობს ტურისტი.

პოპოვს უახლოეს დღეებში გაწერენ — მას შემდეგ, რაც მისი ახლობლები საავადმყოფოში პასპორტს და პირად ნივთებს მიუტანენ. ექიმების თქმით, ასეთი შემთხვევა მათ პრაქტიკაში არ ჰქონიათ.