ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მალარიის პრობლემის წინაშე მდგარი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
აქტუალური
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მალარიის პრობლემის წინაშე მდგარი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის თემის ხუთ სოფელს მალარიით დაავადების საფრთხე ემუქრება. როგორც ადგილობრივები პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, სოფლებში ჰერეთისკარში, წითელგორში, ჭიაურსა და თამარიანში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი წყალი ნიადაგში არ იწოვება, რადგან აღნიშნული ტერიტორია გრუნტის წყლებითაა გაჯერებული. მათივე თქმით, ეს ხელს უწყობს ჭაობიანი ადგილების წარმოქმნას, რაც მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის გამრავლების კერას წარმოადგენს.

ეს წყალი დიდხანს არ დაშრება, ისედაც უკვე ვხედავდით მალარიის გადამტან კოღოს და ახლა ტემპერატურის მომატებისთანავე უფრო გამრავლდებიან. გვეშინია, დაკბენენ ბავშვებს და ავად გაგვიხდებიან. არც ჩვენ აღმოვჩნდებით კარგ დღეში. წლების წინაც იყო მალარიის ეპიდემია, საშიშროება ახლაც დიდია“, - განუცხადა პირველ არხს ჰერეთისკარში მცხოვრებმა თამარ ბერიძემ.

ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი საცხოვრებელი ტერიტორიის ქიმიური დამუშავება კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით.

მოსახლეობის არგუმენტებს საფუძვლიანს უწოდებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

ჭიაურის თემის სოფლებში მალარიის საწინააღმდეგო ორთქლით დამუშავება წელიწადში ორჯერ ხდება, მეორედ აგვისტოში უწევს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და მალარიის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე, მივმართავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რათა დაჩქარებულად მოხდეს ტერიტორიის დამუშავება კოღო ანოფელესზე“, - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

მისივე თქმით, წყლებისგან ტერიტორიის დაშრობის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეკეთება-გასუფთავების სამუშაოები.