აქტუალური
საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს რეგიონებში გამოწვეული პრობლემებისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.

კახეთი – დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. სულ შემოვიდა ექვსი შეტყობინება. კახეთში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

გორი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა 18 შეტყობინება. მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი სამი ოჯახი.ამ დროისთვის გორში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

გარდაბანი, სოფელი კრწანისი – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სულ შემოვიდა ოთხი შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.

სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახლდება“, – აღნიშნულია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად არცერთ რეგიონში მოქალაქეები არ დაშავებულან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას.