საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების შტაბი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა

tovli33წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებში თოვლის საფარმა  ერთ მეტრს მიაღწია.

როგორც ჩვენი რეგიონული კორესპონდენტი გვატყობინებს, შ.პ.ს. „გზასერვისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,  ინტენსიურად იწმინდება დღნორისის, მექვენის, ოფურჩხეთისა და რიონის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები.

ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია მაღალმთიანი სოფლების – საჩხეურისა და ლეხიდრისთავის მიმართულებით. ელექტროენერგია არ მიეწოდება ზემოთ აღნიშნულ სოფლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს, აგრეთვე, სოფელ პატრიკეთის, ტყაჩირისა და საყულიის მოსახლეობას, გეგუთისა და ოფშკვითის მცხოვრებთა ნაწილს.

პრობლემის მოგვარების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები თანამშრომლობენ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ წყალტუბოს ფილიალის ხელმძღვანელებთან. მათი თქმით, მიმდინარეობს დაბალი ძაბვის ხაზების შეკეთებითი სამუშაოები.

უხვი ნალექის გამო მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში  წყალმა ისევ დაფარა 30-მდე ოჯახის სარდაფი და სათბური.

თოვლის საფარისაგან  (25 სმ)  გზები გაწმენდილია ცხუნკურის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მობილიზებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომლის წევრები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოსახლეობას.