სამართალი
სვანეთში ხანძარს უკვე ორი დღეა, ებრძვიან

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოში ხანძარს უკვე ორი დღეა, ებრძვიან. ხანძარი ლოკალიზებული იყო, მაგრამ ახალი კერები გაჩნდა, თუმცა, მასშტაბები არ გაზრდილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის ჩაქრობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია", – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და იმერეთიდან, და ტექნიკა.