ხანძარი სვანეთში - ტყის მასივში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო
საზოგადოება
ხანძარი სვანეთში - ტყის მასივში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მეხის ჩამოვარდნა გახდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.

ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისიდან და იმერეთიდან დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა.

ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 2,5 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.