დონალდ ტრამპი - გერმანია რუსეთის მძევალია
უცხოეთი
დონალდ ტრამპი - გერმანია რუსეთის მძევალია

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიას რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე აკრიტიკებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმებები ნავთობსა და გაზზე „ნორმალური“ არ არის. მისი თქმით, გერმანია რუსეთის მძევალია.
„გერმანია მთლიანად კონტროლდება რუსეთის მიერ. გერმანია ენერგიის 60-70 პროცენტს რუსეთიდან და ახალი მილსადენიდან მიიღებს. ეს ნორმალურია? თქვენ მეტყვით, რომ ეს ნორმალურია, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია ნატო-სთვის და ჩვენ გერმანიას ერთად უნდა დაველაპარაკოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებისკენ მოუწოდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიღო.
დონალდ ტრამპმა და იენს სტოლტენბერგმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა ნატო-ს ახალი შენობა. აშშ-ს პრეზიდენტი პირველი ლიდერია, ვისაც სამიტზე ალიანსის გენერალური მდივანი ხვდება.

ანგელა მერკელი - გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და აწარმოებს თავის პოლიტიკას

     გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად აწარმოებს თავის პოლიტიკას, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც გერმანია იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ. მე ამის გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგია, რომ ახლა გერმანიას შეუძლია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს“, – დასძინა მერკელმა.
ტრამპი და მერკელი მოგვიანებით პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტროლტენბერგთან შეხვედრაზე გერმანია რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო გააკრიტიკა და რუსეთის მძევალი უწოდა.

1tv.ge