აქტუალური
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არცერთის წინააღმდეგ.

საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საბჭოს წევრები − ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა, ირმა ჭკადუა.

რაც შეეხება ოთარ კახიძეს, მან გასაუბრების პროცესზე, რომელიც, დებულების თანახმად, დახურულია, ჟურნალისტების დასწრება მოითხოვა. იუსტიციის მინისტრმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, რომელსაც საპროკურორო საბჭოს არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც კახიძემ სხდომა დატოვა, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი იყვნენ წარდგენილი.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარი პროკურორის თანამდებობა აღნიშნული პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადადგა.