აქტუალური
საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი - ლევან იზორია

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი არხის კითხვას, არის თუ არა დღეს საქართველო მზად ნატოში გასაწევრიანებლად.

იზორიას თქმით, ამას ამბობს იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომლებიც არაერთხელ მოუსმენია სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

ამას ვამბობ არა მარტო როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედიმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

სულ ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან. ნიკოლსონმა გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით აქვს. ჩვენ გვაქვს ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს. ეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება. აღიარებაა იმის, რომ დგანან ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.