საზოგადოება
ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია

     საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ნატოს ლიდერები ახლო პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას 12 ივლისს, ხუთშაბათს შეხვდებიან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განიხილება რეგიონული გამოწვევები, თავდაცვის რეფორმები და ამ ქვეყნების მიმართ ნატოს განგრძობადი მხარდაჭერა.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს უწევს საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, როგორც სტოლტენბერგი ამბობს, კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება და გაწევრიანებაზე მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყება მიუთითებს, რომ ალიანსის კარი ღიაა.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატოს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატოს კარი ღიაა. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები კვლავ დაადასტურებენ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.