საზოგადოება
სტიქია სვანეთში (ვიდეო)

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ჭუბერში მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმების შედეგად ადიდდა (ვიდეო იხ. აქ).

მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, – ამის შესახებ 1tv.ge-ს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ამასთან, როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.

მარჯვენა-მარცხენა სანაპიროები რითაც უკავშირდებოდნენ, ეს გზა ჩამოინგრა. ახლა გამოსულები ვართ, ვათვალიერებთ ალტერნატიულ გზებს და ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორ დაუკავშირდება ერთმანეთს სოფლის ეს ორი ნაწილი“, – განაცხადა ვიბლიანმა.

როგორც ჭუბერის თემის რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ნინო ვიბლიანი განმარტავს, რომ ჭუბერში ვითარებას რთული მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს, რადგან ხეობაში ისევ წვიმს.

წვიმა ართულებს ვითარებას. მდინარეში წყლის დონე სანამ არ დაიკლებს და მდინარე კალაპოტში არ ჩავარდება, წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ჭუბერში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, რადგან პრაქტიკულად ერთადერთ ხიდამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და ახლა ვეძებთ, საიდან შეიძლება გაკეთდეს ალტერნატიული გზა, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის შედეგად ისევ ადიდდა. ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობის სამი მეოთხედი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს.

დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სტიქიის ზონაში ახლაც მუშაობენ. კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოები უშუალოდ მდინარეში მიმდინარეობს და ამ წუთებში ნაშალი მასალისგან იწმინდება ნენსკრას კალაპოტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ჭუბერში ვითარებას ისიც ართულებს, რომ წვიმას არ გადაუღია და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

სანამ მდინარე ნენსკრაში წყლის მაღალი დონე შენარჩუნებულია, გადაჭრით რაიმეს თქმა და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, როგორც მინისტრმა 1Tv.ge-ს განუცხადა, ის ოჯახები, რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ, ხეობიდან უკვე გაიყვანეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განცხადებით, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია.

სტიქიის ზონაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არ აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს.

სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.