აქტუალური
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას 15 ივლისს უყრის კენჭს

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მოსმენა 13 ივლისს დაიწყება. კერძოდ, 13-14 ივლისს დეპუტატები მთავრობის მომავალ წევრებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატებში მოუსმენენ, ასევე შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში.

არსებული ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენები თბილისში მდებარე პარლამენტში გაიმართება, 15 ივლისს კი კანონმდებლები ქუთაისში, რიგგარეშე სხდომის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ და მას კენჭს უყრიან.

მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან მთავრობის წევრების წარდგენის საკითხს, თარიღი ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობიდან თანამდებობას რამდენიმე მინისტრი შეინარჩუნებს, რომელთა შორის, სავარაუდოდ, იქნებიან – თეა წულუკიანი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, დავით ზალკალიანი, დავით სერგეენკო, ლევან იზორია.

საკანონმდებლო ორგანოში არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მინისტრის პოსტიდან წასვლა მოუწევს მიხეილ ჩხენკელს, სამინისტროების გაერთიანებიდან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, აღარ იქნებიან მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი და კახა კახიშვილი, ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრების წარდგენა კი მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან მოხდება.

ამასთან, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.