საზოგადოება
მედიის ცნობით, ანკარა საქართველოსგან სირიაში რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ითხოვს

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერკან კურტულუში დააკავეს, რომელიც 2015 წელს სირიაში რუსი პილოტის ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას სააგენტო Hurriyet ავრცელებს.

კურტულუში, რომელიც ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, თავდასხმისა და შანტაჟის ბრალდებით დააკავეს.

როგორც Hurriyet წერს, გასულ კვირას პოლიციამ თურქეთში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 49 პირი დააკავეს, თუმცა კურტულუშმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. ინტერპოლის ორდერის შემდეგ პოლიციამ კურტულუში საქართველოში დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარამ ექსტრადირების შესახებ ქართულ მხარეს თხოვნა უკვე გაუგზავნა.

კურტულუში ერთ-ერთია 18 ეჭვმიტანილიდან, რომელთაც რუსი პილოტის მკვლელობა ედებათ ბრალად. 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი სირიის სასაზღვრო ზონაში ჩამოაგდო. მფრინავებმა ინციდენტის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს, რის შემდეგაც მათ ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს.